სააგენტოს შესახებ
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. გარდა საზედამხედველო ფუნქციისა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და დანაშაულის პრევენცია.

სააგენტოს წარმოამდგენლებთან ერთად, პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროგრამებში აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და ეკლესია. მათთან თანამშრომლობის გზით მუშავდება პრობაციის სისტემის განვითარების სტრატეგია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციის სისტემის სრული რეფორმირება წარმოადგენს. რეფორმის მიზანია პრობაციის სისტემის გაძლიერება არასაპატიმრო სასჯელების ინტენსიური და ეფექტური გამოყენების, პრობაციონერების რესოციალიზაცისა და რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ეფექტურობის ამაღლებისა და შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გარემონტებული და სათანადოდ აღჭურვილია ყველა რეგიონული და რაიონული ოფისი. 

 პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა რეგიონულ ბიუროებთან დაკავშირებული მონაცემთა ცენტრალიზებული, ელექტრონული ბაზა, რამაც გაამარტივა სისტემის ფუნქციონირება. ამასთან, იგი ინტეგრირებულია საქართველოს სამთავრობო ქსელთან (GGN), რაც ხელს უწყობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას. პრობაციის რეფორმის ფარგლებში, დანერგილია კონტროლის თანამედროვე მექანიზმი. დაქტილოსკოპიური სისტემის ამოქმედებამ პრობაციის ოფიცრებს საშუალება მისცა, მეტი დრო დაუთმონ პირობით მსჯავრდებულებისათვის ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებას. 

დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პრობაციის სისტემაში წარმატებით დაინერგა რისკისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგია, რომელიც მიმართულია დანაშაულის პრევენციისკენ. პრობაციის ოფიცრები, მსჯავრდებულთან გასაუბრებისა და სხვა საჭირო ინფორმაციების გაანალიზების გზით, აფასებენ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს და შესაბამისად, ინდივიდუალურად უდგენენ სასჯელის მოხდის გეგმას. 

 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რაც სისტემაში მიმდინარე წარმატებული რეფორმების აღიარებაა. პრობაციის ბიუროებში მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგი, რომლებიც ინდივიდუალური გასაუბრებით ახდენენ არასრულწლოვან პრობაციონერების პრობლემათა იდენტიფიცირებას და გამოკვეთილ საჭიროებიდან გამომდინარე აკავშირებენ მათ შესაბამის სერვისებთან. პრობაციის სოციალური მუშაკები ჩართულნი არიან განრიდების პროგრამაში. 

პრობაციის ბიუროების ხელშეწყობით დასაქმდა ასობით პრობაციონერი. დასაქმების პროგრამების მეშვეობით პრობაციონერებს უჩნდებათ მეტი მოტივაცია პიროვნული განვითარებისაკენ. პრობაციონერები ჩართულნი არიან სასწავლო და ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამებში, რათა მათ გაუადვილდეთ გარემოსთან შეგუება და შეძლონ ანტისოციალური ქცევის გარეშე დასახული მიზნების მიღწევა.