რისკების შეფასებისა და ინდივიდუალური გეგმის ახალი ეტაპი

პრობაციის ყველა ბიუროში პრობაციონერებთან მუშაობა ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებული, რისკებისა და საჭიროებების   შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით. 

შესაბამისად, გამოიცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებები:
მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით  მუშაობის მიზანს წარმოადგენს:
  •  განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება;
  •  პრობაციონერის რესოციალიზაცია;
  •  პრობაციონერის რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და განხორციელება. 
 
რისკისა და საჭიროების შეფასება გულისხმობს  მსჯავრდებულთან გასაუბრების შედეგად ისეთი კრიმინოგენური ფაქტორების გარკვევას, როგორიცაა:

1. დანაშაულებრივი კარიერა/ქცევა; 
2. საცხოვრებელი პირობები;
3. განათლება და პროფესიული საქმიანობა; 
4. ეკონომიკური მდგომარეობა; 
5. ურთიერთობები და ცხოვრების წესი; 
6. დამოკიდებულებები (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და ა.შ.); 
7. ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობა;
8. აზროვნება და ქცევა; 
9. ღირებულებები.
   

პრობაციის ოფიცრები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, მულტიდიციპლინარული გუნდური მუშაობის ფორმატში, მსჯავრდებულთან  გასაუბრებისა და სხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციების გაანალიზების გზით, აფასებენ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს. 

სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა ითვალისწინებს რისკ–ფაქტორების შემცირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, სადაც გაწერილია პრობლემური საკითხი და რეაგირების ზომა პრიორიტეტების მიხედვით.
 
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პრობაციის ოფიცერსა და პრობაციონერს შორის დადებულ შეთანხმებას, რომლის შესრულებაზე ხელმოწერებით პასუხისმგებლობას კისრულობს ორივე მხარე.

აღნიშნული გეგმის მიხედვით, პრობაციის ოფიცერი, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი მსჯავრდებულებს აკავშირებს სხვადასხვა სერვისებთან,  შესაძლებლობის ფარგლებში ასაქმებს და რთავს მათ  სარეაბილიტაციო პროგრამებში.

 
ოფიცერი,  ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი საჭიროების მიხედვით და  გარკვეული პერიოდულობით განმეორებით აფასებს რისკ-ფაქტორების ცვალებადობას  და  ახალ გარემოებათა გათვალისწინებით, ახდენს სასჯელის  მოხდის ინდივიდუალური გეგმის კორექტირებას. 

რისკის შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენის საკითხებზე პრობაციის ყველა  ოფიცერმა, ფსიქოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა გაიარა სპეციალური სწავლება. აღნიშნული მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით,  პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის განხორციელდა სასწავლო  ვიზიტები საზღვარგარეთ.