არასაპატიმრო სასჯელები

პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:



პირობით მსჯავრდებულებზე კონტროლი და ზედამხედველობა კომფორტულ გარემოში ხდება
  • სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.
  • სასჯელის სახით იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ
საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იურიდიული პირისათვის უვადოდ ან ერთიდან 10 წლამდე ვადით საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის აკრძალვას. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება გავრცელდეს, ასევე, იმ საქმიანობაზე, რომლის განხორციელებისას ან რომლის განხორციელებასთან დაკავშირებით იქნა ჩადენილი დანაშაული.
  • სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.    
 


საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა
  • სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ
გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა. გამასწორებელი სამუშაო მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე.


შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგი



შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით ხორციელდება

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, რომელიც საქართველოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით უნდა აღასრულოს. შინაპატიმრობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ინიშნება.
  • შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით ან პასუხისმგებელი პირის მოულოდნელი ვიზიტებით;
  • ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი მდებარეობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფისში;
  • შინაპატიმრობის აღსრულება განხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - პრობაციის ბიუროების მეშვეობით. უშუალო აღმასრულებელი იქნება პრობაციის ოფიცერი, რომელსაც ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ელექტრონულ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი;
  • შინაპატიმრობის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს არასრულწლოვანთა მოხვედრას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე არასრულწლოვანის მიმართ სასჯელის აღსრულებას;
  • შინაპატიმრობის შემთხვევაში, სასჯელის ვადის მთელ პერიოდს არასრულწლოვანი ოჯახში გაატარებს, რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას.


შინაპატიმრობის მონიტორინგის საშუალებები

2018 წლის 1 იანვრიდან, შინაპატიმრობა ამოქმედდა სრულწლოვან მსჯავრდებულთათვის. შინაპატიმრობა შეიძლება შეეფარდოს ნასამართლობის არმქონე პირს 6 თვიდან 2 წლამდე ვადით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულისაგან განსხვავებით, სრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შინაპატიმრობის აღსრულებისათვის დაწესდა საფასური. საფასურის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. გარდა ამისა, მინისტრის ბრძანებით ასევე განისაზღვრება ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიები.

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახედ შეეფარდა შინაპატიმრობა ან დანიშნული სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით, ასევე მსჯავრდებული. რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მანაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

ამ ალტერნატიული ფორმის დანერგვა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის გზაზე. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
  • პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ
პირობითი მსჯავრის დანიშვნისას სასამართლო იმ დანიშნულ სასჯელს ჩათვლის პირობითად, რომლის დროსაც ადგენს გამოსაცდელ ვადას. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

პირობითი მსჯავრის დროს, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი. სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო, რომელიც თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.

  • სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ
ის, ვისაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან  შინაპატიმრობა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.

პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.

  • სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის - მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე)
სასჯელის მოხდის გადავადებას ორსული ქალისათვის, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე ახორციელებს სასამართლო. როდესაც ბავშვი 1 წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ. სასჯელის გადავადების პერიოდში, თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია ბიუროს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.