6 დეკემბერი, 2018
საინფორმაციო შეხვედრა პრობაციონერებთან ოჯახში ძალადობის თემაზე
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს სარეაბილიტაციო სამმართველო და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლები. შეხვედრას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, 20-მდე პირობითი მსჯავრდებული ქალი დაესწრო. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო სამმართველოსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა პირობით მსჯავრდებულებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ძალადობის ფაქტების პრევენციის შესახებ. იურიდიული დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა კი მონაწილეებს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და სერვისები გააცნეს.  

ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო მასალა და კვლევის შედეგები.  

შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა. 

ანალოგიური ტიპის შეხვედრები იმართება რეგიონალურ ტერიტორიულ ორგანოებშიც, სადაც კამპანიის შესახებ ინფორმაციას იღებენ როგორც სააგენტოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივ ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები. 

16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.
ბოლო სიახლეები