11 ივნისი, 2018
აღმოსავლეთ საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი პირობით მსჯავრდებულთა შორის თბილისის გუნდი გახდა
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციართა შორის გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა.

შეჯიბრებაში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს პრობაციის რეგიონულ ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები მონაწილეობდნენ. ტურნირზე არასრულწლოვანი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებული ნაკრები ცალკე გუნდით იყო წარმოდგენილი და შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონსა და პრიზიორებს თასი და საჩუქრები პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა გრიგოლიამ გადასცა. გარდა ამისა, სპეციალური პრიზებითა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი.

„მინი–ფეხბურთის ჩემპიონატი პირობით მსჯავრდებულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება. სპორტული აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა გრიგოლიამ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში რამდენიმე ეტაპად ტარდება. ივლისში ანალოგიური ტურნირი დასავლეთ საქართველოში გაიმართება, სექტემბერში კი თბილისში ფინალური ასპარეზობა მოეწყობა.

ტურნირის მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ფონდი არველაძე. ამ უკანასკნელმა ასპარეზობაში გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზები დააწესა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა - ,,ვაკე“, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ღონისძიების მონაწილეები ორგანიზაციის მიერ წარმოებული პროდუქტებით უზრუნველყო, რაც ბიზნესის სფეროს, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესით დაინტერესების კარგი მაგალითია. 

2017 წელს პირობით მსჯავრდებულთა შორის ჩემპიონობა მინიფეხბურთში ქვემო ქართლის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.
ბოლო სიახლეები