14 მაისი, 2018
პრობაციის ბიუროების დახმარებით, კიდევ 4 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის, იმერეთისა და მცხეთის რეგიონალური ბიუროების დახმარებით, ოთხი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა. 

მცხეთის პრობაციის ბიუროს მიერ პირობით მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების ინდივიდუალურად შესწავლისა და შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, ი.ს. დასაქმებულ იქნა მშენებლობაზე, დამხმარე მუშად. მისი ყოველთვიური ხელფასი 900 ლარი იქნება. 

იმერეთის პრობაციის ბიუროს ოფისის თანამშრომელთა ინიციატივით ქუთაისსა და ვანში მოძიებული იქნა სამუშაო ადგილები და რეკომენდაცია გაეწია 2 პირობით მსჯავრდებულს - ვ.დ.-ს და გ.რ.-ს რომლებიც მშენებლობასა და სამშენებლო მასალების დამამზადებელ საამქროში დასაქმდნენ. მათი ანაზღაურება თვეში საშუალოდ შეადგენს 500-600 ლარს.  

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით პირობით მსჯავრდებული ლ.ხ. გაცემული რეკომენდაციის დახმარებით, შ.პ.ს. „გზამშენ“-ში სატვირთო ავტომანქანის მძღოლად დასაქმდა. მისი დღიური ანაზღაურება 25 ლარს შეადგენს. 

რესოციალიზაციისა და რეაბილიტაცის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა დასაქმებაში ხელშეწყობა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წელს სააგენტოს ხელშეწყობით 35 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
ბოლო სიახლეები