28 დეკემბერი, 2017
პირობით მსჯავრდებულებს, საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, საახალწლო საჩუქრები და ნუგბარი გადაეცათ
28 დეკემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის ბიუროს ინიციატივით, პირობით მსჯავრდებულებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას, რომელსაც 21 წლამდე ასაკის 25 პირობით მსჯავრდებული დაესწრო, მონაწილეობდნენ: თბილისის პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელები, სოციალური მუშაკები, იურისტები და ფსიქოლოგები, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელები, ხათუნა თოდაძე და სოფიო მოსია. 

მათ პრობაციონერებს, დისკუსიის რეჟიმში, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული მძიმე შედეგების, წამალდამოკიდებულ პირთა რისკ–ფაქტორების, დაავადებათა პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიზანშეწონილობის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს, თბილისის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს საჩუქრად გადასცეს საახალწლო საჩუქრები და ნუგბარი, აგრეთვე აკვაპარკის სააბონენტო ბარათები, რაც საშუალებას მისცემს პრობაციონერებს, უფასოდ ისარგებლონ სპორტული დარბაზებით და საცურაო აუზით. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, პირობით მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას და რესოციალიზაციას.
ბოლო სიახლეები