18 დეკემბერი, 2017
ტრენინგები, გრანტები და მატერიალური მხარდაჭერა პრობაციონერებისთვის
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ ”აფხაზეთისა” და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ხელმძღვანელებთან ერთად, გორსა და ქუთაისში, პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულ პრობაციონერებსა და ყოფილ მსჯავრდებულებს შრომის ინსტრუმენტები გადასცეს.  

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტში (“განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად") მონაწილე ბენეფიციარების შერჩევა იმერეთისა და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებს შორის რისკისა და საჭიროების შეფასების მეთოდოლოგიით მოხდა. პროექტში შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონიდან 50-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს: „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”. მონაწილეთა ნაწილმა გაიარა ორთვიანი ხელობის გადამზადების კურსი და ბიზნესის დასაწყებად მიიღო 400 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა, ხოლო ბენეფიციართა ნაწილმა გაიარა ბიზნეს ტრენინგი და შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო 1200 და 3000 ევროს მოცულობის გრანტი ბიზნესის დაწყებისთვის ან განვითარებისთვის. პრობაციონერებმა საჩუქრად მიიღეს შედუღების აპარატი, ავტომობილის შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტების კომპლექტი, სამშენებლო იარაღები და ა.შ. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესკომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს.
ბოლო სიახლეები