23 სექტემბერი, 2017
2017 წლის ჩემპიონი მინიფეხბურთში პრობაციონერთა შორის ქვემო ქართლის გუნდი გახდა
პრობაციონერთა შორის გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამარჯვება ქვემო ქართლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სამეგრელო – ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაამარცხა.

ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონებს თასი და მედლები გადასცეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჭითანავამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ. გარდა ამისა, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში ორ ეტაპად გაიმართა. აღმოსავლეთ საქართველოში ქვემო ქართლის პრობაციონერებმა იმარჯვეს, დასავლეთ საქართველოში კი წარმატებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდმა მიაღწია. მათ შორის ფინალურ ასპარეზობაში კი უფრო ძლიერი ქვემო ქართლის გუნდი აღმოჩნდა.

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და დედაქალაქის მერია, რომლმაც ფინალური შეხვედრის მონაწილეებს მის ბალანსზე არსებული საფეხბურთო მოედანი დაუთმო.

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ატარებს სპორტულ ღონისძიებებს, რაც პირობით მსჯავრდებულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება. 2016 წელს პირობით მსჯავრდებულთა შორის ჩემპიონობა მინიფეხბურთში თბილისის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.
ბოლო სიახლეები