31 აგვისტო, 2017
პირობით მსჯავრდებულები ზედოზირების საკითხზე საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრნენ
31 აგვისტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოსა ინიციატივით, ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრობაციონერებისათვის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებებზე პირობით მსჯავრდებულებმა მათთვის საჭირო და საინტერესო თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, „ბემონიდან“ და „ახალი გზიდან“ მოწვეული სტუმრები, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ბენეფიციარებთან მუშაობენ, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ 25 პირობით მსჯავრდებულს ვრცლად ესაუბრნენ ზედოზირების პრობლემებსა და მის პრევენციაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, ხოლო შემდგომ შეხვედრა დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიების ბოლოს კი პირობით მსჯავრდებულებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

აჭარის პრობაციის ბიუროში, შპს ,,აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის“ წარმომადგენელმა 6 პირობით მსჯავრდებულთან ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრას თემაზე: „საზოგადოების ჩართულობა ნარკოტიკული ზედოზირების, მისი პრევენციის და მართვის საკითხებში“.

გარდა ამისა სამეგრელო - ზემო სვანეთის ზუგდიდის პრობაციის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა“, 11 პირობით მსჯავრდებულთან ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ერთობლივი ძალისხმევა კიბოს ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვისთვის“.

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად უწევს ორგანიზებას იმ ღონისძიებებზე პირობით მსჯავრდებულების დასწრებას, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ემსახურება.
ბოლო სიახლეები