October 23, 2018
პირობით მსჯავრდებულთა შორის 2018 წლის ჩემპიონი მინი ფეხბურთში თბილისის გუნდი გახდა
პრობაციონერთა შორის გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირში, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდი დაამარცხა. ჩემპიონსა და პრიზიორებს თასი და საჩუქრები პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა გრიგოლიამ გადასცა. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების გიორგი ნემსაძისა და გიორგი ლორიას მიერ სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი. მონაწილე გუნდები დასაჩუქრდნენ არველაძეების ფონდიდან, სპეციალური პრიზები მოთამაშეებს თავად რეზო არველაძემ გადასცა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში ორ ეტაპად გაიმართა. აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის გუნდმა გაიმარჯვა, დასავლეთ საქართველოში კი წარმატებას სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუნდმა მიაღწია. გამარჯვებულთა შორის ფინალურ ასპარეზობაში კი უფრო ძლიერი თბილისის პრობაციონერები აღმოჩნდნენ. ტურნირის მხარდამჭერები არიან დედაქალაქის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და „ფონდი არველაძეები“, რომლებმაც ფინალური შეხვედრის მონაწილეებს საფეხბურთო მოედანი დაუთმეს, პრობაციონერები სპორტული მაისურებით და ფეხბურთის ბურთებით დაასაჩუქრეს. პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ატარებს სპორტულ ღონისძიებებს, რაც პირობით მსჯავრდებულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება. 2017 წელს პირობით მსჯავრდებულთა შორის ჩემპიონობა მინი ფეხბურთში ქვემო ქართლის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.
Recent News