July 30, 2018
დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი მინი–ფეხბურთში პრობაციონერებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდი გახდა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პრობაციონერებს შორის ქუთაისში მინი–ფეხბურთის ტურნირის მორიგი ეტაპი ჩატარდა, რომელშიც დასავლეთ საქართველოს რეგიონის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. 

შეჯიბრის გამარჯვებული გახდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდი, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში იმერეთის გუნდი დაამარცხა. შესაბამისად, მესამე–მეოთხე ადგილებზე გავიდნენ აჭარისა და გურიის გუნდები. 

დასავლეთ საქართველოს ჩემპიონ გუნდს თასი და სიგელები გადაეცა. სპეციალური პრიზებით ასევე დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი.  

ივნისში ანალოგიური ტურნირი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებს შორის ჩატარდა. მასში გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი კი არასრულწლოვანი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა დაიკავა. 

რეგიონულ ტურნირებში წარმატებით მოასპარეზე გუნდები, ფინალურ ეტაპზე, ჩემპიონს გამოავლენენ. დასკვნითი ტურნირი შემოდგომაზე თბილისში გაიმართება. 

პირობით მსჯავრდებულებს შორის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ–ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, მინი-ფეხბურთში ჩემპიონატი პრობაციონერების მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება.  

2017 წელს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩემპიონები მინი-ფეხბურთში ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები გახდნენ.
Recent News